მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: პანდემიამ მილიონობით ადამიანის ფსიქიკა დააზიანა

ჯანმო-ს ხელმძღვანელი
1598621610
COVID-19

„კორონავირუსის პანდემიამ მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, რამაც შფოთვა, შიში და ფსიქიატრიული მომსახურების შეფერხება გამოიწვია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენა არა მხოლოდ თავად ვირუსმა, არამედ პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა მოახდინა, პირველ რიგში, ეს არის სოციალური კონტაქტების შეზღუდვა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდეც არ ექცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფსიქიკური პრობლემა დაახლოებით მილიარდ ადამიანს აქვს.

„ფსიქიკური აშლილობით დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ალკოჰოლის მავნე მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად სამი მილიონი ადამიანი იღუპება და ყოველ 40 წამში მსოფლიოში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობებით ასრულებს“, - აღნიშნა ჯანმო-ს დირექტორმა.

მისი განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გლობალურია, მაგრამ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს. ამრიგად, ისეთ ქვეყნებში, სადაც მაცხოვრებელთა უმრავლესობას დაბალი და საშუალო შემოსავალი აქვს, ფსიქიკური და ნევროლოგიური აშლილობის მქონე ადამიანების 75%-ზე მეტი ვერ მკურნალობს.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის 24,6 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 836 000- მეტი ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ვირუსმა 213 ქვეყანა მოიცვა. მიმდინარე წლის 11 მარტს, ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხდა.