მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - გამყრელიძე კორონავირუსის ვაქცინაზე განმარტებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1606899869
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კოვიდ 19-ის საწინააღმედო ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველომ ამ კუთხით მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო უკვე დიდი ხანია გაერთიანებულია „კოვაქსპლატფორმაზე“.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ყველა სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

„გაინტენსივდა მუშაობა კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით, ჩვენ გაერთიანებული ვართ კოვაქსპლატფორმაზე, პირველი შენატანი გადახდილი გვაქვს დაახლოებით 4 მლნ ამერიკული დოლარი იმ პირობით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება.

„კოვაქსი“ შეისყიდის დაახლოებით 4-5 ვაქცინას და ის იქნება „პფაიზერის“, „მოდერნას“ თუ „ასტრაზენეკასი“ და გვექნება მისი არჩევის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „კოვაქსპლატფორმის“ მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე ანუ მარტ-აპრილში.

„მანამდე პარალელურად ვმუშაობთ თავად რამდენიმე მწარმოებელთან, ჩვენი საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალებით შექმნილია უწყებაში სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი. დღესაც 14:00 საათზე ონლაინ სხდომაა ჩვენს დონორებთან, სადაც უნდა განვიხილოთ და იწერება ე.წ. იმპლემენტაციის ანუ დანერგვის გეგმა, სადაც ყველა სცენარი უნდა იყოს გაწერილი.

იცით განსხვავებები ამ ვაქცინებს შორის, „პფაიზერს“ სჭირდება -70 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი, „მოდერნას“ სჭირდება -20 იანი, ხოლო დანარჩენებს სჭირდებათ ჩვეულებრივი 2 დან 8 გრადუსამდე. ის რაც ჩვეულებრივ სხვა ვაქცინებს, რომლის სისტემაც ქვეყანაში აწყობილია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის და ამიტომ ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ არის წარმოებული, ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა.