მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიცია ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს

კონტროლი ბაზრებსა და ბაზრობებზე
1603111978
COVID-19

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე - სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.