მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა

ასტრაზენეკას ვაქცინა საქართველოშია
1615611696
COVID-19

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინების განაწილება ეტაპობრივად მოხდება დიდ ქალაქებში.

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება.

„ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება. ვაქცინა დიდ ქალაქებსა და ასევე დიდ რაიონულ ცენტრებში განაწილდება, სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული და იმ რაიონულ ცენტრებში პირველ ეტაპზე მოხდება განაწილება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი. როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება. 57 ათასი ადამიანი სამედიცინო პერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.