მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯეფ ბეზოსი 1 დღეში $7.2 მლრდ-ით გამდიდრდა - საქართველოში ეს 1.5 მლნ წლის ხელფასია

ჯეფ ბეზოსი ამაზონი

Amazon-ის აქციების 4.1%-იანი გაძვირების შედეგად, 18 აგვისტოს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება დამატებით $7.2 მლრდ-ით გაიზარდა და Forbes-ს ცნობით, $197.8 მლრდ-ს მიაღწია. $43 მლრდ-იანი განქორწინების შემდეგაც კი ჯებ ბეზოსი უფრო მდიდარია ვიდრე Microsoft-ისა და Google-ის დამფუძნებლები, ბილ გეითსი და ლარი პეიჯი ერთად.

24 საათში, (რეალურად უფრო ნაკლებ დროში, იმ პერიოდში როდესაც ბირჟაზე აქციები ივაჭრება) ქონების $7.2 მლრდ-ით გაზრდა, უმდიდრესი ადამიანების ცხოვრებაშიც უჩვეულო მოვლენაა. $7.2 მლრდ 22.1 მლრდ ლარია. 2019 წლის მონაცემებით საქართველოში დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ნომინალური ხელფასი 1204 ლარს შეადგენდა, საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ ეს თანხა 944 ლარამდე მცირდება. დარიცხული ხელფასის დაანგარიშებით, საქართველოს მოქალაქემ 1.5 მლნ წელი, უფრო ზუსტად 1 529 623 წელი - 558 694 800 დღე უნდა იმუშაოს იმისთვის რომ 22.1 მლრდ ლარი გამოიმუშაოს, თანხა რამდენითაც ჯეფ ბეზოსი 1 დღეში გამდიდრდა.

ჯეფ ბეზოსმა Amazon 1996 წელს დააარსა და თავდაპირველად მხოლოდ წიგნებს ყიდდა. კომპანიამ რომელსაც გაკოტრებას უწინასწარმეტყველებდნენ, 2019 წელს $280 მლრდ-იან გაყიდვებზე გავიდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 20%-ით, 2010 წლის მაჩვენებელს კი 723%-ით აღემატება. კომპანიის წმინდა მოგებამ 2019 წელს $11.6 მლრდ შეადგინა, აქტივების ღირებულებამ $225 მლრდ, დასაქმებულთა რაოდენობამ 800 ათასი.

2019 წელს, როდესაც ჯეფ ბეზოსი მეუღლეს გაშორდა, მას $43 მლრდ დაუტოვა. დღეს მაკინზა ბეზოსის ქონება $62.7 მლრდ-ს შეადგენს და სიმდიდრით პლანეტის მე-17 ადამიანია, ქალებში მე-3. Amazon-ის გარდა ბეზოსი, აგრეთვე, ფლობს SpaceX-ის კონკურენტ Blue Origin-საც.