მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჯახის საშუალო წლიურმა შემოსავალმა $4920 შეადგინა

 შემოსავალი

საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 2019 წელს 1.251 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება.

2019 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1175 ლარს, ხოლო ერთ სულზე 336 ლარს შეადგენდა. წლიურმა შემოსავალმა შესაბამისად 14 100 და 4032 ლარი შეადგინა. 2019 წლის 31 დეკემბრის კურსით ეს თანხები 4920 და 1407 დოლარს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები წარმოადგენს, რომლის წილიც 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, 1.5%-ით 84.5%-მდე გაიზარდა.

შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 781 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 470 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლის ტიპის დასახლებებში.

2019 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს 48.7%, გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები - 19% შემოსავლები თვითდასაქმებიდან - 11.4% და საჩუქრად მიღებული ფული - 8.8%.

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1.220 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 4.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146 ლარს, ხოლო ერთ სულზე 328 ლარს უტოლდება. წლიური ხაჯი შესაბამისად 13 752 და 3936 ლარს შეადგენს.

შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 455.7 მილიონი ლარი იყო.