მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს განვითარებაში - BAG-ის კვლევის შედეგები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ლოგო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ახალი კვლევის თანახმად, ორგანიზაციის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ მათ საქმიანობას მინიმუმ ერთი ფაქტორი მაინც უშლის ხელს.

ამავე ცნობით, ეს მაჩვენებელი პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით შემცირებულია, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5% საუბრობდა.

BAG-ის განცხადებით, პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებას უნდა გამოეწვია.

ხელისშემშლელი ფაქტორები კომპანიებმა სექტორების მიხედვით განსხვავებული სიმწვავით დაასახელეს; კერძოდ, როგორც ჩანს, ყოველდღიური ოპერირებისას ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობა მეტად აწუხებთ მშენებლობისა და მომსახურების სექტორში, რომელთა არსებობას ამ სექტორში წარმოდგენილი BAG-ის წევრი კომპანიების 85.7% (მომსახურება) და 86.4% (მშენებლობა) ასახელებს.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ განსხვავებული სექტორების მიხედვით კომპანიების პრობლემატიკა განსხვავებულ რანჟირებით გადანაწილდა. კერძოდ, თუკი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში მთავარი პრობლემა მომხმარებლემის მხრიდან მოთხოვნის სიმცირე სახელდება, მშენებლობის სექტორისთვის მთავარი დაბრკოლება შეზღუდული ფინანსური რესურსებია, ხოლო მრეწველობაში ჩართული BAG-ის წევრი ყველა კომპანია უპირველეს დაბრკოლებად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს.

2019 წლის ბოლოს ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის მოთხოვნის სიმცირე მწვავე პრობლემად არ სახელდებოდა. თუმცა პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი პრობლემად მოთხოვნის შემცირება იქცა, რასაც პირველ კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 70% ასახელებდა. მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, თუმცა კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.

ცნობისთვის, BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო. აღნიშნული ინდექსი BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების მიერ ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და ინვესტიციების შესახებ შეფასებას მოიცავს.