მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო პირველ ტურისტებს ისრაელიდან მიიღებს

ისრაელის მთავრობა საქართველოსთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს ისრაელი იქნება, თუმცა მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც გრძელდება.

„რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას.“ - განაცხადა გიორჰი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, მეზობელ ქვეყნებთან. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კრიზისი საქართველოსთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.

„რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ - მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი - კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. ჩვენ ეს გამოწვევა, გლობალური პანდემია, გლობალური კრიზისი უნდა გავხადოთ შესაძლებლობად. გავხდეთ უფრო ეფექტურები და წარმატებულები გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას." - განაცხადა გიორგი გახარიამ.