მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოსო ფხაკაძე: 5 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციის შემოტანის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება და ამას განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის შეხვედრაზე რამდენიმე კარგი შეთავაზება გაჟღერდა.

მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 5 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში, თუნდაც თანხა უფრო პატარა იყოს, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

სოსო ფხაკაძის თქმით, გიორგი გახარიამ ამ მიმართულებით მსხვილ დამსაქმებლებს პირდაპირ აღუთქვა დახმარება.

„თითოეულ კონკრეტულ „ქეისში“, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ საკითხები და თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, პრემიერმა აღგვითქვა დახმარება, რომ ის პირადად ჩაერევა და ყველა ამ დაბრკოლებას აღმოფხვრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 2021 წელს თუ რამეა გასაკეთებელი, ერთ-ერთი პირველი არის უცხოური ნაკადების შემოტანა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ მხრივ ძალიან ღირებული იყო მისი განცხადება.

მინიმალურიც რომ იყოს ინვესტიცია, რომელიც შემოვა საქართველოში, თუ რაიმე ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას შევხვდებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან აღგვითქვა ეს, მისი მხრიდან წამოვიდა, როგორი პატარაც არ უნდა იყოს თანხა, რომელიც ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში თითოეულ „ქეისს“ დეტალურად შეისწავლიან, რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება და ბარიერი ამ კუთხით“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.