მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვგეგმავთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ“ - ნათია თურნავა

ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

„დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დათმობებზე, რომელზეც ინვესტორი კომპანია წამოვიდა და, შესაბამისად, გადაიდო კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა.

„იცით, რომ მე და ბატონი ლევან დავითაშვილი ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან სერიოზულ დათმობებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს და ესეც არის ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრების, კომუნიკაციის გამოძახილი.

ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან - ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ, ისევ მსჯელობის საგანი გავხადოთ და თუკი რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამთავრობო უწყებები არ აკლებენ მცდელობას, რომ დიალოგი შედგეს ყველაზე უფრო კატეგორიულ ჯგუფთან, აქტივისტებთან, ვინც ჰესის მშენებლობას უშუალოდ ნამოხვანში აპროტესტებენ.

„როდესაც ცაგერში ვხვდებოდით მოსახლეობას და დავინახეთ, რომ უშუალოდ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, მე და ლევან დავითაშვილმა მყისიერად გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით და მათ შევხვდით ადგილზე, უშუალოდ ნამოხვანში.

შემდეგ უკვე შეთანხმდა და დაიგეგმა ჩვენი შეხვედრა ქუთაისში, სადაც ორი მინისტრი ჩავედით და ჩავიყვანეთ ათამდე უძლიერესი სპეციალისტი, ჩვენი გუნდის წევრები, როგორც იურისტები, ასევე გარემოს დაცვის სპეციალისტები, გეოლოგები, სეისმოლოგები.

სამწუხაროდ, მაშინ ის შეხვედრა ჩაიშალა და ვერ შედგა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ჩვენ განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ყველაზე უფრო სწორი და ეფექტური იქნება, სპეციალისტებთან იყოს ეს შეხვედრა და მათგან მოისმინონ ყველაზე კომპეტენტური პასუხები, რადგან ჩვენ ეს პასუხები გაგვაჩნია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გასულ კვირას, შსს-მ სოფელი ნამოხვანისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.

11 აპრილს სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და პროტესტის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.