მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანა ახალ „ლოკდაუნს“ ვერ გაუძლებს“ – რა შედეგი მოაქვს შეზღუდვების მოხსნას ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის?

კორონავირუსი, შეზღუდვა, ლოკდაუნი, პანდემია Pia.ge

როგორია საქართველოს ეკონომიკური ზრდა მსოფლიო პანდემიის პირობებში? ამ საკითხზე დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ციფრები გააცნო.

„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში – 45% აპრილში, 30% მაისის თვეში, 18%-ს ველოდებით ივნისის თვეში და 12%-იანი ზრდა გვაქვს პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი სესხი წელს არ აგვიღია. ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, წელს ბიუჯეტი მილიარდით გაიზარდა და ქვეყანას სესხი აღარ აუღია.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

გიორგი ცუცქირიძემ დამატებით კიდევ 4 პუნქტი დაასახელა, რამაც ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო. მისივე შეფასებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა მთავრობის მხრიდან გონივრული ქმედება იყო.

„ეკონომიკის განვითარების არსებულ ტემპზე გავლენა პირველ რიგში, სწორმა მენეჯმენტმა გამოიწვია. მეორე, წინა წლებში ძალიან დიდი ბაზისი გვქონდა შექმნილი, რაც უმეტესად, დაკავშირებულია ექსპორტის სტრუქტურასთან.

მესამე ფაქტორი, ეს ეკონომიკის გახსნაა. ჩვენ გახსნა მარტიდან დავიწყეთ და პირველი ეკონომიკური პოზიტივი მარტში იყო. ეტაპობრივად გაიხსნა და ეს ძალიან სწორი და გონივრული გათვლა იყო. თუმცა, ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მაინც მოჰყვა.

შემდეგი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინებია, რომელიც ტურიზმთანაა დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ წელს ყველაზე დიდი გაცოცხლება ეკონომიკაში ტურიზმს ჰქონდა. ბიზნესს აქვს პოზიტიური მოლოდინი, სხვანაირად ეკონომიკა ვერ იმუშავებს. ეს სწორედ იმ ღონისძიებებიდან და რეფორმებიდან, რომელიც მთავრობამ განახორციელა“, – განაცხადა ცუცქირიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ამ აზრს იზიარებს მთავრობის მეთაურიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი „ლოკდაუნი“ ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახება.

„ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა, „ფეისბუკის“ საშუალებით და სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეზღუდვების შემსუბუქება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ეტაპობრივად, 5 მარტიდან დაიწყო:

⭕ პირველ ეტაპზე, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ და დაემატა თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი

⭕ 8 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, სამთო კურორტებზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით განახლდა საბაგიროების მუშაობა; შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს რესტორნებმა 19 მარტიდან, დასაშვები გახდა ცოცხალი მუსიკა რესტორნებში

⭕ 28 მარტის კვირაში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩსა და ძიუდოს გრანდსლემზე 1-ლი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს

⭕ 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის პროცესში ერთვებიან

⭕ 17 მაისიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ნაცვლად 21:00-05:00 საათებისა, მოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში

⭕ 17 მაისიდან, კვების ობიექტებს მიეცათ უფლება, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ

⭕ 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება აქვთ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ

⭕ 1-ლი ივნისიდან, გაიხსნა სახმელეთო საზღვრები

⭕ 1-ლი ივნისიდან, იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, დაემატა – კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი

⭕ 1-ლი ივნისიდან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 23:00-04:00 საათამდე პერიოდში ამოქმედდა

⭕ 21 ივნისიდან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს

⭕ 1-ლი ივლისიდან გაუქმდა ღამის საათებში – 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა

⭕ 7 ივლისიდან სპორტულ ღონისძიებაზე დამსწრე პირების რაოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა – დახურულ სივრცეში ადგილების საერთო რაოდენობის 30%; ღია სივრცეში – 50%