მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება, მაგრამ ჩვენს გამარჯვებას ჩრდილს ვერ მიაყენებენ

გიორგი გახარია

„ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთის, ხობისა და სენაკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ადამიანებისთვის ყველგან თანაბარი პირობები უნდა იყოს.

„ხობში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა და ეს სკვერიც ამის ერთ-ერთი მაგალითია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაწყებული - ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება ბოლომდეა მისაყვანი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ხობში ასე თუ ისე სასმელი წყლით მომარაგების საკითხი მოწესრიგებულია, არ არის წყალარინების სისტემა და 2021 წელს ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ. გასაგრძელებელია გაზიფიცირება.

საქართველოს მთავრობას 2021 წელს უმთავრდება 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ 3 წლით გავაგრძელოთ გაზიფიცირების გეგმა, რაც გაზმომარაგებით სრულად უზრუნველყოფს იმ დასახლებულ პუნქტებს და სოფლებს საქართველოში, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია გაზის მიყვანა. ასევე არის სასმელი წყლის პრობლემები სოფლებში.

მაგისტრალური გზები ასე თუ ისე წესრიგშია მოყვანილი, შიდა სასოფლო გზებიც პრობლემაა, თუმცა წინა პლანზე გადმოდის სასმელი წყალი. საირიგაციო მიმართულებითაც ბევრი რამ კეთდება და სოფლის მეურნეობის განვითარება ხობში არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება. აქ, როგორც "შეღავათიანი აგროკრედიტის", ისე „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამები კარგად მუშაობს, კარგად არის გამოყენებული, თუმცა შესაძლებლობები კიდევ ბევრია“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჭალადიდი-ფოთის გზის გარე განათების ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში ეს პროექტიც განხორციელდება.

„ჩვენ აქ ვსაუბრობდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ცოტა დროში გაგვეჭიმა, მაგრამ ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზის განათების ტენდერი გამოცხადდა, აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომფორტული, ღირსეული პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხობში და სამეგრელოში ყველგან“, - აღნიშნა პრემიერმა.