მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლებში მთავარი აქცენტი, საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე გაკეთდება

აქცენტი საბრძოლო მომზადებაზე

“მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე”- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის ძალების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები, საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. „ჩვენ მივიღებთ უკეთ შეიარაღებულ, მომზადებულ, დაფასებულ და ძლიერ მოტივირებულ ჯარს, რომლიც კიდევ უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თავდაცვის მინისტრმა მოხსენებისას აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე; მოხდება ნატოსთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება; გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარება, განათლება და წვრთნა.

„ჩვენ მიერ შემუშავებული თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში განვავითარებთ ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებას, განათლებასა და საბრძოლო მომზადებას,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განხორციელდება ეფექტიანი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულ დანაყოფებთან ინტეგრირება, ასევე, ნატოში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით, გაძლიერდება პარტნიორობის მექანიზმების გამოყენება.

2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალური გამოწვევების თემატიკაზე და აღნიშნა, რომ, ჩვენი ქვეყანა, ნატოელ პარტნიორებთან ერთად, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას აგრძელებს, ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავცებას.

მისი თქმით, კიდევ უფრო გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის პროცესი; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის; გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას.

მინისტრის განცხადებით, ეს ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დიდ მიზანთან და გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.