მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ეშინოდეთ

ზურა გირჩი ჯაფარიძე

„გირჩისთვის“ ეს შედეგები ცხადია, გამარჯვებაა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ თბილისში მესამე ადგილზე გავიდა, რაც პარტიისთვის სერიოზული წარმატებაა.

„ეს შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია, რეალურად ერთადერთი ზრდადი პარტია, ეშინოდეთ“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე აქვე დასძენს, რომ „გირჩს“ წინასაარჩევნო პერიოდში იმის მეასედი რესურსიც არ დაუხარჯავს, რაც დახარჯეს იმ პარტიებმა, რომლებმაც „გირჩზე“ ნაკლები შედეგები მიიღეს.

„ამას ორი ახსნა აქვს. ერთი - მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ პოლიტიკური კამპანიის დროს, არის მოძველებული და არაეფექტური. ბანერებს, ბილბორდებს და კორპუსებზე „პროსტინების“ გამოფენას შინაარსი არ აქვს.

შედეგები აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული. კრეატიულები ვართ სხვებთან შედარებით, შეგვიძლია იაფი და ეფექტური გზების მოფიქრება, როგორ მივაწვდინოთ გზავნილები მოსახლეობას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, „გირჩი“ მესამე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.