მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილი: ვაშაძეს ვჩუქნი საათს, მაჟორიტარული ოლქიდან ეს მაინც დარჩება 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ვაშაძეს საჩუქრად საათი გადასცა

ისნის რაიონში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გიორგი ვაშაძის საარჩევნო რეკლამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი რეკლამაში, რომელშიც საუბარია, რომ იგი 58 000 ლარის ღირებულების საათს ატარებს, ტყუის.

„არ შეიძლება ასეთ იაფფასიან განცხადებებზე ააგო საარჩევნო კამპანია, რადგან ნელ-ნელა ირკვევა ყველაფერი. გუშინ გაირკვა კობახიძისა და მდინარაძის საათების ამბავი, დღეს მე ვაჩვენებ ჩემს საათს და სხვებსაც გაუჩნდებათ ამ თემაზე საუბრის სურვილი. ხომ გამოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი?! ასევე, გაჩნდება კითხვები მის დაპირებებთან დაკავშირებით, ხომ არ იტყუება ყველაფერს ისე, როგორც საათების შემთხვევაში გააკეთა?“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, საათი, რომელზეც რეკლამაშია საუბარი, მხოლოდ 250 დოლარი ღირს.

კახა კახიშვილმა საკუთარი საათი, რომელიც გადაცემაში მიიტანა, გიორგი ვაშაძეს საჩუქრად დაუტოვა.

„ამ ერთი პატარა რეკლამით საათების კოლექციას აგროვებს. გუშინ მდინარაძემ და კობახიძემ აჩუქეს საათები. მეც ვაპირებ ამ საათის ჩუქებას, რომელიც 250 დოლარი ღირს გერმანულ საიტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ისნის რაიონიდან მაჟორიტარობის პოსტით ის ვერაფერს წაიღებს, ამიტომ მე დავუტოვებ სახსოვრად ამ საათსა და ბაფთას. გაახსენდება, რომ მაჟორიტარული ოლქიდან საათი მაინც დარჩა“, - განაცხადა კახიშვილმა.