მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში დაგეგმილი აქციაც გააუქმა

ინაშვილი ირმა, პატრიოტები

„ქართულმა ოცნებამ ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები. ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამ უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა უამრავი დაძაბულობის კერა. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და საპროტესტო აქციაზე უამრავი ადამიანის მობილიზება შეუძლია.

ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების ბრალდებები“, თითქოსდა სხვებთან ერთად ვმოქმედებთ, ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვგეგმავთ. ირაკლი კობახიძე გამოკითხული იყო სუს-ში სადაც აღნიშნა, რომ მზადდებოდა რევოლუცია, ამავდროულად ქართული ოცნების ლიდერები ბრიფინგებზე ღიად საუბრობენ რუსულ კვალზე“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანისის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირად პლანშეტზე, რომელსაც მხოლოდ სოციალური ქსელისთვის იყენებს, რუსულ ენაზე მიუვიდა ხმოვანი შეტყობინება, რომლითაც მას არჩევნების შედეგების შესახებ ჰკითხეს. როგორც ირმა ინაშვილმა განმარტა, ვინმე საიდ ახმედს, რომლის სახელითაც ხმოვანი შეტყობინება მიიღო, საერთოდ არ იცნობს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთთან კავშირი გამოირიცხოს, პარტია ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის აქციაზეც იგეგმება პროვოკაციები. იმის გამო, რომ გავაბათილოთ ბრალდებები რუსეთთან რაიმე კავშირის შესახებ, ვიღებთ რამდენიმე კვირიან პაუზას და მთელ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებთ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

👉ინფორმაციისთვის, „პარტიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო შედეგების გაპროტესტებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნის მიზნით, ქუთაისში აქციას 9 ნოემბერს გეგმავდა.