მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცოფის მსხვერპლი 40% ბავშვია“ - ინფიცირების რამდენი შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში?

ძაღლის აცრა, ცოფი

მსოფლიო მასშტაბით ცოფის მსხვერპლი ათასობით ადამიანი ხდება. ცოფი განსაკუთრებით საშიში ინფექციაა და 100%-იანი ლეტალობა ახასიათებს.

ადამიანებში ცოფით ინფიცირების რა მონაცემები ფიქსირდება საქართველოში? გარდა აცრისა, არსებობს თუ არა სხვა პრევენცია? რა უნდა ვიცოდეთ ცოფის გადაცემის მექანიზმების შესახებ? რა სიხშირით უნდა გადამოწმდეს ცხოველის აცრის კალენდარი? PIA.GE- ს ამ და სხვა კითხვებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია პასუხობს.

ადამიანებში ცოფით ინფიცირების რა მონაცემები ფიქსირდება საქართველოში?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო 5 წელში მხოლოდ 3 შემთხვევა იყო, წელს საერთოდ არ დაფიქსირებულა. 2018 წელს იყო 2 შემთხვევა, 2019 წელს იყო 1 და იქამდე 3 წელი საერთოდ არ ფიქსირდებოდა. თუმცა, ამ პერიოდამდე 2007-2014 წლებში საშუალოდ 5 ადამიანი იყო წლიურად. 1996-დან 2007 წლამდე 10 ადამიანი იყო ყოველწლიურად. როგორც ვხედავთ ახლა ძალიან მკვეთრი შემცირებაა სტატისტიკაში და მდგომარეობა ამ მიმართულებით სერიოზულად გაუმჯობესებულია. ყოველწლიურად 35 ათასიდან 49 ათასამდე ადამიანი იცრება ცოფზე საქართველოს მასშტაბით. ადრე ყოველწლიურად 100-ზე მეტი შემთხვევა იყო ცხოველებშიც, ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შემცირებულია 30-ის ფარგლებში. მნიშვნელოვანია აცრა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

თქვენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ახსენეთ. როგორ უნდა აუმაღლდეს მოსახლეობას ამ კუთხით ცნობიერება? როგორც სპეციალისტი რას ურჩევთ მათ?

- სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობით უნდა მოხდეს. აუცილებელია, ვიცოდეთ რომ ცოფის გადაცემის მექანიზმი არის ნერწყვის საშუალებით დაკაწრვა, დადორბვლა ან დაკბენა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ქმედების დროს აუცილებელია, სპეციალისტს, ექიმ-რადიოლოგს მივმართოთ. არავითარ შემთხვევაში არ ვიხელმძღვანელოთ სოციალურ ქსელში რაღაც ჯგუფებში დაწერილი რჩევებით. ნებისმიერი დამკბენი ცხოველი დაკვირვებაზე უნდა იყოს გადაყვანილი, 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს მათზე დაკვირვება.

რა ინტენსივოთ უნდა აიცრან ცხოველები?

- ყოველწლიურად. 3 თვის ასაკში კეთდება პირველი აცრა ცოფზე, მაგრამ მისი განმეორება ყოველწელს აუცილებელია. ძაღლი, რომ ერთხელ აიცრა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მთელი ცხოვრება აცრილია. ძაღლს ყურზე საჭდე რომ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ცხოველი აცრილი იყო მინიმუმ ერთხელ, მაგრამ მაინც უნდა გადამოწმდეს მისი აცრის კალენდარი. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა 1 წელზე მეტია გასული მისი ბოლო აცრიდან. იმ ქვეყნების სიაში ვართ, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას და ამიტომ უნდა დავიცვათ თავი. მსხვერპლის 40% არის ბავშვი, 15 წლამდე ასაკის. მსოფლიოში ყოველ 9 წუთში კვდება 1 ადამიანი ცოფით, ამ მსხვერპლის 40% არის 15 წლამდე. დაკბენის შემთხვევაში ინკუბაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ძალიან ხანგრძლივად.

გარდა აცრისა, სხვა პრევენცია თუ არსებობს?

- საკუთარი შვილების, ბავშვების ინფორმირება მაქსიმალურად, რომ შემთხვევები არ დამალონ. აცრა ბევრად მარტივად ხდება და შემცირებულია ინექციების რაოდენობა. საჭიროა ნებისმიერი ნაკაწრის შემთხვევაში მუდმივი კონტროლი, კითხვა ბავშვებთან, რომ საიდან აქვთ ეს ნაკაწრი. ასეთი ურთიერთობა შეიძლება იყოს პრევენცია. ცოფზე აცრა ძალიან ამცირებს შემთხვევებს, 100%-იანი გარანტია არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ მინიმუმამდე დაჰყავს რომ რაიმე გაიპაროს. აცრის გარეშე რისკი უზარმაზრია. ცოფი 100%-ით ლეტალურია.

ბოლო პერიოდში თუ შეინიშნება ქუჩის ძაღლებში ცოფის შემთხვევები? ხომ არ მომრავლდა ცოფის შემთხვევები?

- არ მომრავლდა. ჯერჯერობით არცერთი დასკვნის საფუძველი არ გვვაქვს. ყოველ წელს თბილისში ვაფიქსირებდით 5-დან 10-მდე შემთხვევას საშუალოდ. წელს გვაქვს ჯერჯერობით მხოლოდ 4 შემთხვევა. ის, რომ რაიმე სერიოზული მატებაა და საგანგაშო ვითარებაა, ასე არ არის.