მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განკვეთა, გადაყენება, თუ საორგანიზაციო საკითხები, რატომ იკრიბება წმინდა სინოდი? - ინტერვიუ ანალიტიკოს გოჩა მირცხულავასთან

გოჩა მირცხულავას პოსტი

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას შეეხება 11 თებერვალს ჩანიშნული წმინდა სინოდის სხდომა.

„იმის გამო, რომ ჯერჯერობით ბოლო წლების ტრადიცია გრძელდება და თვით მეუფეებმაც კი არ იციან, რა საკითხები იქნება განხილული წმინდა სინოდზე, ძნელია რაიმეს პროგნოზირება.“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გოჩა მირცხულავა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 თებერვალს ჩანიშნული წმინდა სინოდის სხდომა ემსახურებოდეს ცალკეული ორგანიზაციული საკითხების განხილვას.

„რაც მაშფოთებს, არის გარეჯთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის მოვლენები. საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლების ხისტი განცხადებები, არ მინდა რაიმე ფორმით იქნეს ასახული სინოდის გადაწყვეტილებებში.“ - აღნიშნავს მირცხულავა.

ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, რაიმე ფორმით ასახვაში გულისხმობს, რომ ხედავს საფრთხეს, რომ შესაძლოა გაკეთდეს ისეთი ფორმის განცხადებები, რაც ხელისუფლებას ხელს შეუშლის ცალკეული პოლიტიკური ქმედებების განხორციელებაში და დააზიანებს პროცესს.

მისი თქმით, არსებობს ტრადიცია, რომ წმინდა სინოდამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეუფე იაკობი აკეთებს განცხადებას გარკვეულ თემებზე, და სწორედ, ეს თემები ხდება შემდეგ დღის წესრიგი.

შესაბამისად, რადგან არსებობს განცხადებები ზემოხსენებული გარეჯის საქმის თაობაზე, სწორედ, ეს აღაშფოთებს ანალიტიკოსს.

„ვფიქრობ, სხვა აქცენტები არ იქნება. არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანზე გამოიდოს სინოდმა თავი და მაგალითად, ხელმეორედ სთხოვოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალება და სხვა.“ - განაცხადა მირცხულავამ.

მეორე თემა, რაზედაც გოჩა მირცხულავა გვესაუბრა, არის წმინდა სინოდზე პატრიარქის გადაყენების ალბათობის საკითხი.

„ეს საფუძველს მოკლებული ინფორმაციაა.“ - განაცხადა მირცხულავამ წმინდა სინოდზე პატრიარქის შესაძლო გადაყენების თაობაზე.

მისი თქმით, მეუფე შიოს არ აქვს მყარი პოზიციები, რომ ასეთი მყარი ნაბიჯები გადადგას.

ანალიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ სინოდში არაერთი ადამიანია, ვინც პატრიარქობის მსურველია, შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი გაერთიანდება ამ აქტის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში.

„სინოდი მოწვეულია პატრიარქის მიერ, შესაბამისად, გამოდის, რომ ის არის ქმედუნარიანი.“ - განაცხადა მირცხულავამ.

მისი თქმით, პატრიარქი რომ ქმედუუნარო იყოს და გვიმალავდნენ, მაშინ წმინდა სინოდს 11 თებერვლამდე ჩაატარებდნენ და პროცესს არ გააჭიანურებდნენ.

მესამე თემა, რაზედაც PIA.GE გოჩა მირცხულავას ესაუბრა, არის წმინდა სინოდზე პეტრე ცაავას განკვეთის ალბათობის საკითხი.

„შესაძლოა საკითხი დასვა რომელიმე მღვდელმთავარმა, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს პატრიარქი, მას ამისი სურვილი რომ ჰქონოდა, ცნობილი სინოდის სხდომის დროს განახორციელებდა.“ - აღნიშნავს მირცხულავა.

მისი თქმით, პეტრე ცაავას, მართალია, ჩამოართვეს ეპარქიები, მაგრამ მისთვის ხარისხი არ შეუჩერებიათ, შესაბამისად იგი ისევ სინოდის წევრად ითვლება.

„ზედმეტ პრობლემებს ასეთ მძიმე სიტუაციაში საპატრიარქო არ მგონია შექმნიდეს.“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, წმინდა სინოდის დღის წესრიგი სხდომამდე მისი წევრებისთვისაც კი არ არის ცნობილი (რასაც კრიტიკულად აფასებს თეოლოგი და მიაჩნია, რომ წევრებმა წინასწარ უნდა იცოდნენ დღის წესრიგი, რათა სხდომაზე მსჯელობა განხორციელდეს არგუმენტირებულად), შესაბამისად არც ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა გახლავთ გამონაკლისი და არც ის ფლობს ინფორმაციას დღის წესრიგის თაობაზე.

ინფორმაციისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.