მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: გენერალური პროკურორისგან დაპირება მივიღეთ, რომ საქმეში FBI ჩაერთვება

თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესახებ საუბრობს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებისა და მათი უფლებადამცველის შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან დასრულდა.

თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორისგან მისი შვილის საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობის შესახებ დაპირება მიიღო.

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ შოთაძემ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია.

„მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ FBI აუცილებლად იქნება ჩართული ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც კი მოვითხოვ, მან თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ძალიან ზედმეტად მიიჩნია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ და ყველა ვერსია უნდა იყოს გადამოწმებულიო“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ამასთან, თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მისი შვილის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა, სადაც ბაჩალიაშვილის წერილის შესახებაა საუბარი.

თამაზაშვილი ეჭვობს, რომ მის შვილს წერილი მზაკვრული გეგმის მიხედვით დააწერინეს.

„წერილი სავარაუდოდ მათ დააწერინეს, რადგან ეს მზაკვრული და დაგეგმილი გეგმა იყო. ერთ და ორ დღეში არ გაკეთებულა, თვეების მანძილზე იგეგმებოდა ალბათ. შესაბამისად ისიც კი გამოკვლეულია ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. ვიცი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას, გამომდინარე იქიდან, რომ საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვქონდა“, - დასძინა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.