მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრალდებულთა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე

პროკურორი ამირან გულუაშვილი

„ბრალდებულთა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში ისაუბრა. 

როგორც დავით-გარეჯის საქმის პროკურორმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ბრალდებული, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით-გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, რომ ის არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მაშინ როდესაც კარტოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული ფაქტებით და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებებით მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება, როდესაც ამბობს, რომ ბრალდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა პროკურორმა.

🔴 ინფორმაციისთვის, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

🔴 პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

🔴 პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

🔴 ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

🔴 დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.