მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლელო“ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ბრიფინგი ლელოში

პარტია „ლელო“ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გაადგილების უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„მოგეხსენებათ, რომ გუშინ ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქალაქეებს ეზღუდებათ გაადგილება. „ლელო“ აღნიშნულ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მას საკონსტიტუციო სასამართლოსი ასაჩივრებს. გვაქვს მთელი რიგი მიზეზები, რის გამოც ამ შეზღუდვას ვთვლით არაკონსტიტუციურად.

პირველი და მთავარი არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, პანდემიის დროს, შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე.

გარდა ამისა, კანონი, რომლის საფუძველზეც მიღებულია აღნიშნული რეგულაცია, მთავრობას უფლებას არ აძლევს შეზღუდოს ადამიანების გადაადგილება, შეკრება და მანიფესტაცია.

არ ვაპირებთ, რომ თვეების განმავლობაში ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ მოვითხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს აღნიშნული აქტის მოქმედება“, - განაცხადეს ბრიფინგზე.

👉ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრის 22:00 საათიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდა. მოქალაქეებს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება როგორც ფეხით, ისე მანქანით ეკრძალებათ.