მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზე: დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ

სახალხო დამცველი 2020

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით, შესაძლოა, დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.

ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა.

„საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ბრალდების წარდგენისას, პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა.

„აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“. - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

ინფორმაციისთვის, 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნონ და გაახმაურონ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.