პოლიციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.
21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 5 პირი დააკავა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმეს. 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
ასევე თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 12 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.