მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: ნიკა მელიას დაკავება ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა და საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდისთვის საკმარისზე მეტი დრო მისცა. 

„ნიკა მელიას დაკავება პროკურატურის თვითმიზანი რომ ყოფილიყო, მის მიერ კანონი ფორმალურად 24 დეკემბრის შემდეგ არის დარღვეული. თუმცა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნისას ჩვენ საკმარისად არ მივიჩნევთ პირის მიერ ფორმალური მოთხოვნის შეუსრულებლობას. გათვალისწინებულია ხოლმე მაგალითად ის, რომ მატერიალური მდგომარეობის მიხედვით შეუძლია თუ არა პირს გირაოს თანხის გადახდა.

2020 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნიკა მელიას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ანგარიშზე განეთავსებინა თანხა და მან ყოველგვარი ობიექტური გარემოებების არსებობის გარეშე გადაწყვიტა უარი ეთქვა გირაოს გადახდაზე“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი განმარტებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესები პანდემიის გამო შეფერხებული იყო, თუმცა ახლა სხდომები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და პროკურატურა ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენას ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 40 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.