მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად გადაადგილდებოდა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს (ვიდეო)

პროკურატურის ვიდეო

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანით გადაადგილების ვიდეომასალას აქვეყნებს.

პროგრამისტის მიერ, გაუჩინარების დღეს, გავლილი მარშრუტის შესახებ ინფორმაცია პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე გაავრცელა.

„გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.
10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.

10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.
„Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი.

ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.