მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახალხო დამცველი: ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმრები ჩვენს თანამშრომლებს ემუქრებიან

სახალხო დამცველი 2021

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ციხეებში მმართველობა პატიმართა არაფორმალურ იერარქიას ეფუძნება, რაც პატიმართა უფლებების დაცვას საფრთხეს უქმნის. 

მისივე თქმით, პრობლემას ამძაფრებს ფაქტიც, რომ კრიმინალური ავტორიტეტების ქმედებებზე ციხეების ადმინისტრაციების თანამშრომლებს რეაგირება არ აქვთ.

„2020 წელს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მმართველობის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე და ე.წ. ციხის მაყურებლები ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებას და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

აღნიშნულ ანგარიშს მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ვიზიტები ციხეებში არათუ გართულდა, არამედ საფრთხისშემცველი გახდა.

ე.წ. მაყურებლების მიერ მართული პატიმართა გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმას, მუქარასა და აგრესიას. ამ უკანონო ქმედებების მიზანია, ჩვენი პატიმრებთან კომუნიკაციისა და ციხეებში მონიტორინგის ხელისშეშლა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ერთიდაიგივე პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველების მიმართ ადგილი აქვს მუქარას, რაც ციხის ადმინისტრაციის მიერ არ ფიქსირდება როგორც ფაქტი და ისინი ხელს აფარებენ კონკრეტულ პირებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

როგორც მან განმარტა, კრიმინალური სუბკულტურის გავლენით შემცირებულია პატიმრების მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვიანობა, რაც პატიმრების უფლებების დაცვას საფრთხეს უქმნის.

ნინო ლომჯარიამ საკითხზე რეაგირებისთვის მთავრობასა და პარლამენტს მიმართა. მან იუსტიციის სამინისტროს ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების აღმოსაფხვრელად მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს პროკურატურას.