მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სხვისი პირადობის ასლებით ბანკიდან სესხის გატანის ბრალდებით 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ სესხების მიღებას.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნეს კრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნეს-საქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც თაღლითობას გულისხმობს. სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.