მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტა გაიხსნა

23 წლის გარდაცვლილი გოგო

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტა გაიხსნა. ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

რამიშვილი ამბობს, ფოსტაში დიდი მოცულობის ინფორმაცია დახვდათ და სწორედ ამიტომ შეძლებისდაგვარად მოახერხა მათი გაცნობა.

უფლებადამცველს საეჭვოდ ეჩვენება გარემოება, რომ 13-დან 18 ივლისამდე ფოსტაზე არანაირი შეტყობინება არ იძებნება. უფლებადამცველი ეჭვობს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე ხელი ვიღაცას მიუწვდება.

„დღეს თამარ ბაჩალიაშვილის gmail გაიხსნა. დიდი მოცულობის ინფორმაციაა თავმოყრილი და შეძლებისდაგვარად გავეცანით. გარკვეულწილად ისეთი პერიოდებია, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. 13-დან 18 ივლისამდე არაფერი იძებნება, არანაირი შეტყობინება, არანაირი სუბიექტები, რაც არამხოლოდ ჩემთვის, არამედ გამოძიებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ეჭვი გაჩნდა, რომ ვიღაცას წვდომა აქვს, რა ფორმით, როგორ და რანაირად, ამას გამოძიება დაადგენს. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, დეტალურად ახლა არ ვიტყვი. ჩვენსა და გამოძიებას შორის სხვადასხვა პოზიციები იყო, მაგრამ ბოლოს ერთ პოზიციამდე მივედით, რომ აქ არ არის მხოლოდ თვითმკვლელობაზე საუბარი, არც თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, აქ უკვე მკვლელობის ვერსიაც არის“, - აღნიშნა რამიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდა ელექტრონული ფოსტისა, დღეს ასევე თამარ ბაჩალიაშვილის You tube არხიც გაიხსნა.

„You tube-ზეც შევედით. დედისთვის იმდენად მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ ქალბატონი თეონა ძალიან ცუდად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულია მთელი ეს პერიოდი, პოლიციის თანამშრომლები, გოგოები, ბიჭები როგორც დედას ისე უვლიდნენ. ვინც არ უნდა ეცადოს და ვისი სწრაფვაც არ უნდა იყოს, ამ საქმეს ერთი წერტილი და მძიმე არ დააკლდება“, - დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.