მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - უახლესი ამბები (Live)

თავდასხმა საქართველოს ბანკზე

16 აპრილს, დაახლოებით, 13:00 საათზე თბილისში, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

„საქართველოს ბანკის“ ძარცვასთან დაკავშირებით Pia.ge ინფორმაციას მუდმივად ანახლებს.

16 აპრილი, 21:44

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია - ადვოკატი

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.

ნიკა წურწუმიას უფლება დამცველი აღნიშნავს, რომ მას ბრალს ხვალ წარუდგენენ.

„ემოციური ფონი აქვს, იყენებს დუმილის უფლებას. შემდგომში დამშვიდებულზე შევხვდებით საპატიმროში და დეტალურად გავესაუბრებით. ხვალ დღის განმავლობაში წარუდგენენ ბრალს. ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ეს ბრალი მოეხსნება“, - განაცხადა მან.

16 აპრილი, 14:36

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

გავრცელებული ინფორმაციით, ავლაბარში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული.

დაკავებული ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკა წურწუმიაა.

„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე აწარმოებდა.

ამ დროისთვის, 2- საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.

16 აპრილი, 14:15

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.

მისივე თქმით, თავდამსხმელი იყო ერთი პირი, რომელსაც მძევლად რამდენიმე ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

როგორ ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მძევლები გათავისუფლებულები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

16 აპრილი, 14:11

„საქართველოს ბანკში“ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები შევიდნენ

სამართალდამცველები მეტრო ავლაბართან მდებარე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შევიდნენ.

ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა 2 მძევალი გაათავისუფლეს. როგორ ცნობილია, ბანკში, თავდამსხმელთან ერთად, კიდევ 2 ადამიანი იმყოფება.

16 აპრილი, 13:46

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან მოქალაქეები გამოიყვანა

ავლაბარში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში ორი სამართალდამცველი, მათ შორის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, შევიდა და იქიდან ორი ადამიანი გამოიყვანა.

მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ ბანკიდან გამოიყვანა სავარაუდოდ, მძევლები იყვნენ.

16 აპრილი, 13:35

„საქართველოს ბანკი“ თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ ავლაბარში მდებარე ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, „საქართველოს ბანკის ადმინისტრაციისთვის“ მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და შესაძლებლობების ფარგლებში კეთდება ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად.

16 აპრილი, 13:32

ამ დროისთვის მეტროსადგური „ავლაბარი“ დაკეტილია

გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია.

ამის მიზეზი ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული მძარცველია, რომელსაც რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

16 აპრილი, 13:28

„იარაღიანი კაცია შიგნით შესული, მძევლად ჰყავს ბანკის თანამშრომლები და დაცვის წევრი“ - თვითმხილველი

თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველის შეჭრასთან დაკავშირებით თვითმხილველი დამატებით დეტალებს ჰყვება და აცხადებს, რომ შეიარაღებულ კაცს ბანკის თანამშრომელი და დაცვის ერთი წევრი ჰყავს აყვანილი.

თვითმხილველის თქმით, ბანკი მოქმედია და რამდენიმე წელია ფუნქციონირებს.

მისივე თქმით, ბანკის შენობაში მოხუცი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდო თავდამსხმელმა გაათავისუფლა.

„ინფორმაცია მაქვს ისეთი, რომ შიგნით შესულია ბანდიტი, ბანკის სამი თანამშრომელი მძევლად ჰყავს აყვანილი და ერთი დაცვის თანამშრომელი. აქ ვიდექი და სულ ამ ტერიტორიაზე ვარ ხოლმე.

ეს ბანკი არის მოქმედი და რამდენიმე წელია მუშაობს. ერთი ბიჭია იარაღით. მოხუცი ქალი იყო შიგნით, ბანდიტმა გარეთ გამოუშვა, თვითონ კი შიგნით არის. თვითმხილველს ვესაუბრე, რომელიც ბანკში შიგნით იმყოფებოდა“, - განაცხადა თვითმხილველმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

16 აპრილი, 13:25

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილ შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ, რამდენიმე მძევალი ჰყავს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი იმყოფება, რომელსაც რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

PIA.GE ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ინფორმაცია დამატებითი დეტალების შესახებ, განახლდება.

16 აპრილი, 13:15

თბილისში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძარცველი შეიჭრა

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი და ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით ბანკის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.