მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის საკრებულოს წევრი: პოლიტიკური პატიმარი ვარ

თელავის საკრებულოს წევრი

„ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად, მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ თელავის საკრებულოს წევრმა მიხეილ გრემელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო - შეძენა შენახვას ედავება.

გრემელაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია, არც უკანონო იარაღი ჰქონია. ბრალდებულმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მთავარ პროკურორთან შეხვედრა და მისთვის დეტალების გაცნობა მოითხოვა.

პატიმრობას ითხოვს ბრალდების მხარე, რომლის მტკიცებით, მიმდინარე წელს, საკრებულოს წევრი არაერთხელ გაუსწორდა ფიზიკურად ოჯახის წევრებს. იარაღის დემონსტრირებით და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლსა და შვილებს. აღიარებდა მხოლოდ ვაჟს და გოგოებს უზღუდავდა ყველა უფლებამოსილებას. იარაღის მუქარით მოითხოვდა მათგან სახლის დატოვებას. ადგილი ჰქონდა ჰაერში სროლის ფაქტსაც, რამაც, ოჯახის წევრებს გაუჩინა შიში, რომ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.

პროკურორის, ნატო ბურთიკაშვილის განმარტებით, მისი სახლიდან ასევე ამოღებულია როგორც გაფორმებული, ასევე კალაშნიკოვის ტიპის მოქმედი იარაღი და 105 ვაზნა.

მისივე თქმით, გრემელაშვილის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

ბრალდების მოსაზრებებს არ ეთანხმება უფლებადამცველი. ის გრემელაშვილისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასა და დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ცოტა ხანში გაირკვევა.

მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც ძალადობაში მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა, თელავის საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილეა.