მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის საკრებულოს წევრს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ

თელავის საკრებულოს დეპუტატი

ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს წევრს თელავში, ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე მიხეილ გრემელაშვილი გუშინ საღამოს დააკავეს. მისი სახლიდან ჩხრეკისას ცეცხლსასროლი, მათ შორის „კალაშნიკოვის“ ტიპის უკანონოდ გაფორმებული იარაღიც ამოიღეს. ის ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებაში, საკუთარმა ნათესავებმა ამხილეს.

წუხელვე გამოიკითხნენ მისი ოჯახის წევრები და ექსპერტიზა ჩაუტარდათ შვილებს. ისინი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი და კომენტარისგან თავს იკავებენ.

თელავის საკრებულოში, სადაც მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლიდან ირიცხება, აცხადებენ, რომ მისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე საკრებულო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას, ოჯახში ძალადობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.