მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთის მიერთება არ განიხილება - რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში

დვინიანინი აფხაზეთზე

რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის შეყვანის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ რუსეთის ე.წ. ელჩმა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil info ავრცელებს.

„ამ განცხადებებს, როგორც წესი, აკეთებენ ადამიანები, ვინც საკუთარ თავს რუსეთის პატრიოტებად თვლიან. ისინი თითქოს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისა და სხვა მაღალი მიზნებიდან გამოდიან. მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიციის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ასეთი მოწოდებები რუსეთის სხვადასხვა საზოგადოებრივი მოღვაწის დახმარებით აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებებში დროდადრო ისმის. ჩვენს ინტეგრაციას კარგი პერსპექტივები გააჩნია, ჩვენ ვქმნით ერთიან სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეებს“ - განაცხადა დვინიანინმა.

ე.წ. ელჩის განცხადებით, რუსეთი ყველანაირად უწყობს ხელს აფხაზეთის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრის ფორმირებას. მოსკოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მას იცავს საერთაშორისო არენაზე“ - აცხადებს დვინიანინი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს.

„სამხრეთ ოსეთის რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს. მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ამაზე პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი არ ლაპარაკობს, ამაზე რესპუბლიკის ხალხი საუბრობს. ეს სურვილი მან ბევრჯერ გამოთქვა“ - განაცხადა ბიბილოვმა.