მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანია: ის, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ არის აღიარებული, ჩვენში კომპლექსებს არ აჩენს

ბჟანია საქართველოზე

„ის, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ არის აღიარებული, გარკვეულ სირთულეებს ქმნის, მაგრამ ჩვენში ეს კომპლექსებს არ აჩენს.“ - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

„ჩვენ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის საკითხის განხილვას არც საქართველოსთან, არც ვინმე სხვასთან არ ვაპირებთ. ის აფხაზეთის მოსახლეობამ გადაწყვიტა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენთვის ეს თემა სამუდამოდ დახურულია. საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხოებას რუსი და აფხაზი მესაზღვრეები უზრუნველყოფენ. საზღვარზე პროვოკაციები პრაქტიკულად არ ხდება, ან თუ ხდება, რაიმე სერიოზული ზიანი მას არ მოაქვს“ - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის და კონტაქტის ერთადერთი საშუალება ჟენევის დისკუსიებია.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთის ნაწილობრივ აღიარების სტატუსი გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ სოხუმში ამას აფასებენ, როგორც შექმნილ რეალობას. „ასე, მაგალითად, ჩვენ ვიცით - რომ არა საქართველოს პოზიცია, სოხუმის აეროპორტი დიდი ხნის წინ ამოქმედდებოდა. ჩვენც გვაქვს რომსა და ათენში დაუბრკოლებლად ფრენის სურვილი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორი და სამართლიანია. ჩვენ კი ასე არ მიგვაჩნია. მაგრამ ამასთან დაკავშირებით კომპლექსები არ გვიჩნდება. ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოში და ის რუსეთის გავლით გადის. რუსეთთან ჩვენ ერთიანი კულტურული და სულიერი სივრცე გვაქვს“ - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, გალის რაიონში ამჟამად 45 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ქართული მხარე დევნილების დაბრუნების აუცილებლობის საკითხს აყენებდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი დახურულია.