მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაწესებულებებს, სადაც ქორწილებს მართავენ, კი არ დავხურავთ, კარებს ავუჭედავთ - ანქვაბი

ანქვაბის განცხადება

იმ ობიექტებს, რომლის მფლობელები ყველა რეგულაციის მიუხედავად, მაინც ამბობენ - „მერე რა, რომ აკრძალულია, მოდით და გადაიხადეთ ქორწილი“, ასეთებს კი არ დავხურავთ, კარებს ავუჭედავთ. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

„მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმთავრესია. ამიტომ იმათ ვინც წესებს არღვევს და ამბობს „მიმიფურთხებია ამ წესებისთვის", დავუხურავთ კიდეც ობიექტებს და კარებსაც ავუჭედავთ“ - განაცხადა ანქვაბმა.

„წესების დაცვის და ვაქცინაციის ალტერნატივა არ არსებობს. უნდა დავიცვათ საკუთარი თავიც და ჩვენი ახლობლებიც. რაც შეეხება ჭორებს, რომ ვაქცინები არაეფექტიანია და საზიანოა, ამას არანაირი საფუძველი არა აქვს. აქ მყოფთაგან ყველაა ვაქცინირებულია, ჩემს გარემოცვაში თითქმის ყველაა აცრილი და არავის არაფერი მოსვლია“ - განაცხადა ანქვაბმა.

მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მხრივ გარკვეული სტაბილიზაციის შემდეგ სიტუაციის გაუარესება აღინიშნება. „საავადმყოფოები გადავსებულია, მედიკოსები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ“. დე ფაქტო პრემიერმა მოსახლეობას და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა.