მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დე ფაქტო მთავრობა გალის რაიონის მოსახლეობას საქართველოს კლინიკებში ვაქცინაციის უფლებას აძლევს

გალის რაიონის მოსახლეობის ვაქცინაცია

სოხუმის დე ფაქტო მთავრობა გალის რაიონის მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე გადასვლის და საქართველოს კლინიკებში ვაქცინაციის უფლებას აძლევს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

5 ივლისიდან გალის რაიონის მოსახლეობა ენგურის ხიდზე გადასვლას გამარტივებული რეჟიმით შეძლებს. ამიერიდან მათ ვაქცინაციის ჩატარება არა მარტო მუდმივ საცხოვრებელ ადგილას შეუძლიათ, არამედ „იქ, სადაც მოისურვებენ".

დე ფაქტო მთავარი ექიმის ლუდმილა სკოროკის განკარგულებით, ენგურის ხიდზე სპეციალური სამედიცინო პუნქტი განათავსეს, სადაც საოკუპაციო ხაზზე გადასული ადამიანების აღრიცხვა მოხდება. „ისინი საქართველოს კლინიკებში მისვლას, ვაქცინაციის ჩატარებას და შემდეგ უკან დაბრუნებას შეძლებენ“ - განაცხადა გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელმა კონსტანტინე ფილიამ.

ამასთანავე დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოდან დაბრუნებულ პირებს პირობებს უყენებს - თუ მათ ვაქცინაციის ცნობა ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი არ ექნებათ, საოკუპაციო ხაზს ვერ გადაკვეთენ.

6 ივლისს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ ენგურის ხიდი მთლიანად გაიხსნა. მანამდე ამ გადასასვლელით სარგებლობა მხოლოდ „ენგურჰესის“ პერსონალს შეეძლო.