მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვირაია: საქართველოში ვიმყოფებოდი და კიდევ ჩავალ

ბენურ კვირაია საქართველოში ჩასვლაზე

სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ბენურ კვირაია აცხადებს, რომ საქართველოში ის როგორც კერძო პირი იმყოფებოდა და რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენს შეხვდა, რომელიც მისი მეგობარია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

„მე საქართველოში პრეზიდენტის დავალებით არ ჩავსულვარ. როდესაც ბჟანიას ვკითხე, მან მითხრა, რომ ამ სტატუსით საქართველოში არ ჩავალ. ამიტომ 18 თებერვალს თანამდებობიდან გადავდექი. საქართველოში ვიყავი და ისევ ჩავალ. მსურს ინვესტიციები მივიზიდო, დიდი ინვესტიციები. მინდა ავაშენო პორტი, სასტუმროები, მინდა აფხაზეთში ჩავიტანო დიდი ფული, რათა ჩემმა ხალხმა კი არ იმათხოვროს, არამედ კარგად იცხოვროს. მე 1989 წლიდან მებრძოლი ვიყავი, ომშიც ვმონაწილეობდი. ომის შემდეგ კი ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი სამშობლო აყვავებული იყოს“ - განაცხადა კვირაიამ.

კვირაიამ აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს და კითხვას უსვამს: "გაქვთ თუ არა რაიმე პროგრამა, რომელიც ეკონომიკას ააყვავებს, გამოასწორებს სოციალურ მდგომარეობას, თუ ჩვენ მუდმივად რუსეთის დოტაციის იმედად უნდა ვიყოთ?“

კვირაიამ აღნიშნა, რომ არსებობს თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობა, ეს უნდა იყოს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი. კვირაიამ განაცხადა, რომ არც ერთ პარტიაში არ იმყოფება, შესაბამისად, არავისთან საკითხის შეთანხმების ვალდებულება მას არა აქვს.

ცნობისთვის, 2 მარტს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სოხუმის დე ფაქტო ლიდერის ყოფილი თანაშემწე, ბენურ კვირაიაა გადაღებული. ვიდეო რესტორანშია გადაღებული. კვირაია საკუთარი ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს ამბობს და ქართველებთან ძმობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მე მინდა ჩემი მეგობრის დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შევსვა. ის ახლა ბულგარეთში ცხოვრობს. ომი უნდა დასრულდეს. ის კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას" - ამბობს კვირაია.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 200-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.