მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს.

უწყების ცნობით, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე; ხოლო იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მათი ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 23-24 აპრილს არის დაგეგმილი.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 23 აპრილს, 17:00 საათიდან და 24 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე.