მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა მოიგო თურქეთმა ყარაბაღის ომით - ექსპერტის შეფასება

ყარაბაღის რუკა ომის შემდგომი ვითარება

„რონდელის ფონდის“ მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, ყარაბაღის ომით თურქეთმაც ისარგებლა. 

ექსპერტი იმ მოვლენებს ასახელებს, რომლებიც თურქეთისთვის სასიკეთოდ განვითარდა.

„ყარაბაღის ომს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებული ჰყავს თურქეთის სახით.

ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს 3 ქვეყანა ყარაბაღის მეორე ომის ბედზე წინასწარ იყო შეთანხმებული.
რუსეთმა წაუყრუა ომს. აზერბაიჯანმა კი მეტწილად თურქული დახმარებით (დრონები, სამხედროების მომზადება და ა.შ.) შეძლო 27 წლიანი სტატუს-კვოს დარღვევა და გამარჯვების მოპოვება.

ანკარამ შესაძლოა 100%-ით ვერ მიაღწია აქ თავის მიზნებს, მაგრამ მას მაინც აქვს რამდენიმე ხელშესახები წარმატება:

1. მოძმე აზერბაიჯანის წარმატება ამ ომში ანკარის წარმატებაცაა. ეს მისი პრესტიჟის საქმეცაა. შესაბამისად, მოიმატებს მისი გავლენა აზერბაიჯანში და მთლიანად რეგიონში;

2. ანკარამ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე ამ უკანასკნელთ სიგნალი გაუგზავნა, რომ მას შეუძლია რუსეთთან საერთო ენის გამონახვა;

3. თურქი სამხედროები უკვე ოფიციალურადაც დამკვიდრდებიან კავკასიაში და რაც საგულისხმოა, ახლა უკვე რუსეთის თანხმობით (მართალია ისინი იქნებიან არა სამშვიდობო ძალებში, არამედ სადამკვირვებლო ცენტრში);

4. იხსნება ნახჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა (რუკაზე აღნიშნულია ლურჯი რგოლით), რომელმაც შესაძლოა ასევე დააკავშიროს ერთმანეთს თურქეთი და დანარჩენი თურქული სამყარო (თუმცა ამ გზაზე კონტროლიც რუსების ხელში რჩება);

5. წარმატებით გამოსცადა საკუთარი დრონები სრულმასშტაბიან ომში, რითაც მოიმატა თურქული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრესტიჟმა. არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა თურქულ მხარესთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი“, - აღნიშნავს მკვლევარი.

ზურა ბატიაშვილის აზრით, ომის შედეგის მიუხედავად, თურქეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული კავშირის ჩამოყალიბება მარტივი არ იქნება.

„მაინც მგონია, რომ რუსეთი და თურქეთი ასე ადვილად ვერ გახდებიან სტრატეგიული მოკავშირეები, რადგან მათი გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამიტომ სირიასა და ლიბიის შემდეგ ახლა უკვე აზერბაიჯანსა და მთლიანად კავკასიაშიც შეიძლება ვიხილოთ მათი დაპირისპირება“, - აცხადებს ზურა ბატიაშვილი.

👉 ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉 მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა.