მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: ზაზა გახელაძის მიმართ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპაციის თანმდევი ანტიჰუმანური პროცესის ნაწილია, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. 

„ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს.