მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საზღვარი დაარღვია, 12-მეტრიანი კლდიდან გადავარდა

ოსებმა ქართველები დააკავეს

„საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცხინვალის მახლობლად საზღვარი დაარღვია, 12-მეტრიანი კლდიდან გადავარდა და დაშავდა“, - ამის შესახებ ე.წ. უშიშროების კომიტეტი ფეისბუკის გვერდზე წერს.

„საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, დიდი ლიახვის ხეობით რესპუბლიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მიერ აღმოჩენის შემდეგ, ამ პირებმა გაქცევა სცადეს.

საზღვრის ერთმა დამრღვევმა საქართველოს ტერიტორიაზე გაქცევა მოახერხა, ორი მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო მეოთხე პირი 10-12 მეტრიანი კლდიდან გადავარდა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო და მოგვიანებით ისიც დააკავეს. საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“ დაშავებული პირის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი განიხილება. დანარჩენების მიმართ „კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება გატარებული“.

ცნობისთვის, საქართველოს უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.