მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს აკონტროლებენ

ჯარისკაცები მარნეულში

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს. დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიების და მსგავსი შემხთვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.