მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო წლებში - პუტინი

პუტინი აშშ-ზე

აშშ - რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო წლების განმავლობაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„დღეს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო წლების განმავლობაში“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეაქო და მას „არაჩვეულებრივი, ნიჭიერი პიროვნება უწოდა, რომლისგანაც ჯო ბაიდენი რადიკალურად განსხვავებულია".

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას იმაზე რომ მიმდინარე წლის მარტში ჯო ბაიდენმა პუტინს „მკვლელი" უწოდა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მას ეს საერთოდ არ აღელვებს, რადგანაც მას ათობით მსგავსი ბრალდება მოუსმენია“.

პუტინმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სხვადასხვა კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე, რაშიც რუსეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებენ. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამის უკან არ დგას და ის ბაიდენს კიბერსამყაროზე შეთანხმების მიღწევას სთავაზობს. პუტინმა ასევე უარყო Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთი ირანს სადაზვერვო თანამგზავრს გადასცემს, რომლის მეშვეობით ის ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე თვალთვალს შეძლებს.

ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს უნდა გაიმართოს. ამჟამად ბაიდენი ევროპულ ტურნეში იმყოფება, სადაც ევროკავშირის და ნატოს სამიტებში მონაწილეობს.