მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა უნგრეთს ლგბტ კანონის გამო სასამართლოში უჩივლა

უნგრეთს სასამართლოში უჩივიან

უნგრეთში რამდენიმე დღის წინ მიღებული კანონის გამო, რომელიც ბავშვებში და მოზარდებში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს, ბრიუსელი ბუდაპეშტს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ევროკავშირში ამ კანონს დისკრიმინაციულს და ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულს უწოდებენ. უნგრეთში კი კანონს პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ის ბავშვთა უფლებების დასაცავად იყო მიღებული.

კანონის მიხედვით, სკოლის სახელმძღვანელოებში, საბავშვო ტელეგადაცემებში, ჰომოსექსუალიზმის, სქესის შეცვლის და სხვა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება იკრძალება. ეს აკრძალვა არასრულწლოვნებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეხება. „კანონი ბავშვთა უფლებებს იცავს, მშობლების უფლებებია გარანტირებული და ის 18 წელზე უფროსი ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას არ ეხება. შესაბამისად დისკრიმინაციის ელემენტებს არ შეიცავს“ - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ.

ახლა ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უნგრეთში მიღებული კანონი ევროკავშირის კანონებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე იქ აღნიშნულია, რომ კანონი სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლებას, ადამიანურ ღირსებას, კერძო ცხოვრების პატივისცემას არღვევს და დისკრიმინაციულ ელემენტებს შეიცავს.

უნგრეთის მთავრობას პასუხისთვის ორთვიანი ვადა მიეცა. თუ უნგრეთი კანონმდებლობას არ შეცვლის საქმე, შესაძლოა, ლუქსემბურგის სასამართლოს გადაეცეს.

უნგრეთში მიღებულ კანონთან დაკავშირებული სკანდალი იქამდეც კი მივიდა, რომ ევროკავშირის სამიტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელს ვიქტორ ორბანს ევროკავშირიდან გასვლაც კი შესთავაზა. საპასუხოდ ორბანმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს კოლონიზატორები უწოდა და განაცხადა, რომ „მათ სურთ უკარნახონ უნგრეთს თუ რა კანონები მიიღოს და როგორ მოიქცეს".