მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას არცერთი ტერორისტი არ ემსხვერპლა - დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი

პენტაგონის ლოგო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ 29 აგვისტოს ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციას არცერთი ტერორისტი არ ემსხვერპლა - დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი.

„მე ახლა დარწმუნებული ვარ, რომ 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის შვიდი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა ამ დარტყმის შედეგად. უფრო მეტიც, ჩვენი ანალიზის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განადგურებული მანქანა და ისინი, ვინც დაიღუპნენ, დაკავშირებულნი იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ან პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ძალებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.

გენერალმა მაკენზიმ აღნიშნა, რომ საჰაერო დარტყმა განხორციელდა იმ მტკიცე რწმენით, რომ ის თავიდან აიცილებდა უშუალო საფრთხეს აეროპორტში ევაკუირებული პირებისა და აშშ-ის ძალებისთვის.

„ეს ტრაგიკული შეცდომა იყო. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს. როგორც მებრძოლი მეთაური, მე სრულად ვარ პასუხისმგებელი ამ ტრაგიკულ შედეგზე“, - განაცხადა მან.

29 აგვისტოს აშშ-მა ქაბულში ავიაიერიში განახორციელა. იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, დრონით გაშვებული რაკეტის შედეგად, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტი გადაადგილდებოდა.

26 აგვისტოს ქაბულში ტერაქტის შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა ფრთამ ISIS-K-მ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.