მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ოპოზიცია: „ალექსეი ნავალნის კლავენ. სასტიკად. ყველას თვალწინ“

რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ ნავალნის მხარდამჭერი აქცია - Pia.ge

მაღაზიები, სადარბაზოები, ბინები, მეტროპოლიტენი, აფთიაქები, მოედნები და ქუჩები-ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც 21 აპრილს რუსი სამართალდამცველები მოქალაქეებს უსწორდებოდნენ და აპატიმრებდნენ.

უფლებადამცველების და მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად, მთელი რუსეთის მასშტაბით გამართულ აქციებზე, პოლიციამ ელექტროშოკერები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეც.მოწყობილობები გამოიყენა. ძალოვნები ელექტროშოკერებს ქალების წინააღმდეგაც იყენებდნენ, ერთ დღეში 1226 მომიტინგე დააკავეს, ყველაზე მეტი კი სანქტ-პეტერბურგში. ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი თანამებრძოლი შეპელიოვი მის ბინაში დააკავეს, ტელეფონების პაროლების დასახელებას სთხოვდნენ. ყაზანში „კომერსანტის“ ჟურნალისტი გლებ მერკინი დააპატიმრეს, რომელიც აქციაზე მედიის ჟილეტით და შესაბამისი „ბეიჯით“ მუშაობდა. ალექსეი ნავალნის პრესს-მდივანი კირა იარმიში 10 დღითაა დაპატიმრებული, მას ინტერნეტით სარგებლობაც აეკრძალა.

პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური ფორმატით, ფედერალურ კრებას მიმართა. თავისი დაუმთავრებელი პრეზიდენტობის პერიოდში მან ეს უკვე მე-17ჯერ გააკეთა და კვლავ რუსეთის უძლეველობაზე, ხალხის კეთილდღეობაზე და ქვეყნის დაუძინებელ მტრებზე ისაუბრა.

თუმცა, მას არ გაუცია პასუხი იმ ღია წერილზე, რომლითაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა მიმართეს. ალექსეი ნავალნის მდგომარეობით შეშფოთებულმა მწერლებმა, რეჟისორებმა, მსახიობებმა, მეცნიერებმა და სხვა ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან, ღია წერილი გაავრცელეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტს სთხოვდნენ უფლება მიეცეს სამოქალაქო მედიკოსებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოინახულონ. ამ წერილის ხელმომწერებს შორის ნობელის პრემიის 5 ლაურეატია, თუმცა, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ახალი სასახლეების შენებით იმდენად არის დაკავებული, რომ ცოცხალი კლასიკოსების მოსასმენად არ სცალია.

ამ დროისთვის, ალექსეი ნავალნი მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ადვოკატის, ვადიმ კობზევის თქმით, 19 აპრილს სამმა მედდამ ექვსჯერ სცადა მისთვის ვენაში წვეთოვანის ჩადგმა, მაგრამ ექვსივე მცდელობა წარუმატებელი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მაგრამ ერთადერთი რითაც „მკურნალობენ“, ეს გლუკოზის წვეთოვანია. არა და, მას მის ორგანიზმში კალიუმის დონეა სახიფათოდ აწეული და წვეთოვანი იმის მინიმუმია, რაც მას სჭირდება. ნავალნისთან სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს ისევ არ უშვებენ, ისევ არ უკეთებენ საჭირო გამოკვლევებს.

„ნოვიჩოკით“ მოწამლული პოლიტიკოსი ციხეში 31 მარტიდან შიმშილობს. ის ითხოვს მასთან დამოუკიდებელი, სამოქალაქო ექიმების დაუშვან. ნავალნის ციხეში ყოფნის პირველივე დღეებში კიდურების და ზურგის ძლიერი ტკივილი დაეწყო, ჰქონდა ფეხის წართმევის ეპიზოდებიც, მაგრამ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. „როდისმე საკუთარი თვალებით გინახავთ, ადამიანს როგორ კლავენ? ამას ახლა ხედავთ. და როგორც არ უნდა გინდოდეთ აბსტრაგირდეთ, არ დაფიქრდეთ ამაზე, თემა შეცვალოთ, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ალექსეი ნავალნის კლავენ. სასტიკად. ყველას თვალწინ,“ - წერენ მისი თანაგუნდელები სოციალურ ქსელში.

და ისევ, პარალელურად, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო შორს წავიდა-16 აპრილს მოსკოვის პროკურატურამ მოითხოვა ნავალნის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ФБК და მისი შტაბები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად სცნონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს ოფიციალურად ტერორისტებს მიაკუთვნებენ. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ნავალნის შტაბის წევრია ან მის ორგანიზაციაში მუშაობს, 6 წლით ციხეში წავა.

თუმცა, პარალელურად და იმ რეპრესიების მიუხედავად, რომელსაც ახლა კრემლი ატარებს, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობა რუსეთში ეცემა, მისი დაპირებების სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, დასავლეთის სანქციები სულ უფრო მძაფრდება და მატულობს, სულ უფრო მეტი ქვეყანა აძევებს რუს დიპლომატებს, მეტი ადამიანი იმაღლებს ხმას კრემლის სისასტიკის წინააღმდეგ და მეტი რუსეთის მოქალაქე მოითხოვს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მმართველობის დასრულებას.

ავტორი: ლევან იოსებიძე