მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი თუ ქოჩარიანი - სომხეთში 20 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ფაშინიანი ქოჩარიანი

სომხეთში კვირას, 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ძირითადი ბრძოლა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს შორის გაიმართება. ორი თვის წინ ფაშინიანის რეიტინგი უალტერნატივო იყო, ახლა კი კანდიდატების შანსები თითქმის გათანაბრებულია. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

ექსპერტები ფაშინიანის და ქოჩარიანის დაპირისპირებას „რევოლუციონერებსა“ და „ძველებს“ შორის დუელს უწოდებენ. თუ მარტში ფაშინიანის ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“ სომხეთის მოსახლეობის 32% უჭერდა მხარს, ქოჩარიანს ბლოკს „ჰაიასტანს“ მხარს უჭერდა მხოლოდ 6%, Gallup International -ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით კი ფაშინიანის პოლიტიკურ გაერთიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 23,8%, ხოლო ქოჩარიანის პარტიას - 24,1%.

საერთო ჯამში არჩევნებში 25 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. არჩევნებში სომხეთის კიდევ ორი ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის და სერჟ სარგსიანის პარტიებიც მონაწილეობენ.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტში შესასვლელად პარტიამ 5%-იანი, ხოლო ბლოკმა 7%-იანი ბარიერი უნდა დაძლიონ. თუ ვერც ერთი პარტია, ბლოკი ან კოალიცია პარლამენტში 54% -ს ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ფაშინიანის რეიტინგი მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომში სომხური მხარის დამარცხებამ ძალზე დააზიანა. გარდა ამისა, სომხეთის სიუნიკის ოლქში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც 12 მაისს აზერბაიჯანელი სამხედროები შევიდნენ და იქიდან დღემდე არ გასულან, ნიკოლ ფაშინიანის სასარგებლოდ ნამდვილად არ იმუშავა. აზერბაიჯანის ტყვეობაში 150-მდე სომეხი რჩევა. მართალია, ბაქომ ერევანს თბილისის შუამავლობით 15 ტყვე გადასცა, მაგრამ აზერბაიჯანის ციხეში კიდევ არაერთი სომეხი რჩება.

რაც შეეხება ქოჩარიანს, მას მხარს უჭერენ სამხედროების ნაწილი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი. პრაქტიკულად ყველა პარტია, ვისაც პარლამენტში შესვლა შეუძლია, კოალიციას შექმნას არა ფაშინიანთან, არამედ ქოჩარიანთან გეგმავს. გარდა ამისა, ქოჩარიანს მოსკოვის სერიოზული მხარდაჭერა აქვს. რუსულ მედიასთან ინტერვიუში ქოჩარიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსეთს მთიან ყარაბაღში ომის შეჩერება თავიდანვე შეეძლო, მაგრამ ამას ხელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა შეუშალა.

19 ივნისი სომხეთში „სიჩუმის დღეა“. აკრძალულია ნებისმიერი სახის პოლიტიკური აგიტაცია. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მეორე დღეს ორივე მხარე საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადებს. ექსპერტები წაგებული მხარის მიერ საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.