მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

75 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან

კაპიტულაცია

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა.

მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად 1939 წსლის 1-ელ სექტემბერს, ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო, თუმცა ამ ინტერვენციას წინ 1938 წელს ავსტრიის ანშლუსი და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია უძღოდა.

1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაუსხმელობის ხელშეკრულებითაა ცნობილი, თუმცა რეალურად ორმა იმპერიამ ევროპა გაინაწილა. სწორედ ამ პაქტის საფუძველზე 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთის საზღვარი აღმოსავლეთიდან უკვე წითელმა არმიამ გადაკვეთა. მომდევნო წელს კრემლმა ბალტიის 3 სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა.

ევროპის უდიდესი ნაწილის დაკავების შემდეგ, 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერი საბჭოთა კავშირსაც დაესხა თავს. ალყაში მოაქცია ლენინგრადი, მიუახლოვდა მოსკოვს, თუმცა გადამწყვეტ გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია. უკეთესი შეიარაღების საპირისპიროდ საბჭოთა კავშირის მხარის სასარგებლოდ მოქმედებდა „გენერალი ზამთარი“  ტერიტორიული სიდიდე, რიცხობრივი უპირატესობა და „ლენდ-ლიზის“ პროგრამა. საბჭოთა კავშირმა ამ პროგრამით 20 000 თვითმფრინავი, 13 000 ჟავშანტექნიკა, 400 საზღვაო ხომალდი, 500 000 ავტომობილი, 1900 ლოკომოტივი და 11 000 ვაგონი, 300 000 ტონა ალუმინი, 2.5 მლნ ტონა საავიაციო ნავთი, 15 მლნ წყვილი სამხედრო ჩექმა და 4.5 მლნ ტონა სურსათი მიიღო.

საწყისი წარმატების მიუხედავად, მესამე რაიხი ბოლოს მსოფლიოს წინაშე მაინც უძლური აღმოჩნდა. მართალია გარდატეხა 1943 წელს სტალინგრადის ბრძოლაში მოხდა, მაგრამ იმავე ლენდ-ლიზის გარდა, არ შეიძლება მეორე ფრონტისა და ნორმანდიის ოპერაციის დავიწყება. ჰიტლერს ერთდროულად უხდებოდა ბრძოლა საბჭოთა კავშირთან, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან, რომელიც ტერიტორიულად შორს იყო და გერმანული თვითმფრინავები მას ვერ წვდებოდნენ. საგულისხმოა, რომ 6 წლის განმავლობაში გერმანიამ რომელიც რამდენიმე ფრონტზე იბრძოა 5.5 მლნ ჯარისკაცი დაკარგა, საბჭოთა კავშირამ 4 წელიწადში 2-ჯერ მეტი - 11 მლნ ჯარისკაცი.

1945 წლის დამდეგისთვის ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბერლინის აღების ოპერაციის დაწყებამდე ჰიტლერი დანებებას არ აპირებდა და უკვე არარსებულ არმიებს გაურკვეველ ბრძანებებს აძლევდა. 30 აპრილს ფიურერმა თავის მოტყუება შეწყვიტა და სიცოცხლე მეუღლე ევა ბრაუნთან ერთად თვითმკველობით დაასრულა. თვითმკველობით დაასრულეს სიცოცხლე პროპაგანდის მინისტრმა გებელსმა და მისმა მეუღლემ, იქამდე კი 6 შვილს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

კაპიტულაციას ყველა მხარესთან ხელი 7 მაისის ღამეს რეიმსში მოეწერა და ძალაში 8 მაისს შევიდა. გერმანიის მხრიდან მას გენერალ-პოლკოვნიკი ალფრედ იოდლი აწერდა, საბჭოთა კავშირის მხრიდან გენერალი ივან სუსლოპაროვი, რომლის ჩინიც სტალინმა სათანადოდ არ მიიჩნია და მეორე დღეს ახლა უკვე ჟუკოვის წინაშე მოაწერინა ხელი ფელდმარშალ კაიტელს ამ დროს მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო რის გამოც საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღედ 9 მაისი გამოცხადდა.

ევროპაში ბრძოლების დასრულება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა. იაპონია წინააღმდეგობას განაგრძობდა. საბჭოთა კავშირმა იაპონიასთან დადებული თავდაუსხმელობის შეთანხმება დაარღვია, კურულიის კუნძულები დღემდე რუსეთს აქვს ანესირებული.

6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების ჩამოყრის შემდეგ იაპონია იძულებული გახადა 14 აგვისტოს წინააღმდეგობა შეეწყვიტა 2 სექტემბერს კი კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი.

ომმა საბოლოო ჯამში 70 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველაზე მეტად კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაზარალდნენ, სადაც ერთი ტოტალიტარული რეჟიმი მეორემ ჩაანაცვლა. ბულგარეთს, რუმინეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს თითქმის ნახევარი საუკუნე დამოუკიდებლობა პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდათ. მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული აღმოსავლეთ გერმანიაც.

მოსკოვი გამარჯვების 75 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნას აპირებდა, რამას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. ამავე დროს ბალტიის სამმა სახელმწიფო ერთობლივი მიმართვა გაავრცელა და კრემლი ისტორიის გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. 3 პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ რიგმა სახელმწიფოებმა რეალურ თავისუფლებას არა 1945, არამედ 1990-1991 წლებში მიაღწიეს.

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი