მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალ საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ

ცესკო

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტში იკრიბება. შეხვედრას როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სამუშაო ჯგუფის წევრები განმარტავენ, რომ შემუშავებული კანონპროექტი საარჩევნო სისტემაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. 

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას. ცენტრალური საარჩევნო კომისია 17 წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან რვა პროფესიული ნიშნით აირჩევა, ცხრა წევრს კი ის პარტიები წარადგენენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეზღუდვის დაწესებას პარტიების წარმომადგენლებზე - ყველა პარტია თითო წევრით იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, დოკუმენტი კრძალავს კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილებას, ადამიანთა შეკრებასა და ამომრჩეველთა აღრიცხვას.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყურადღება გამახვილდება ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე საარჩევნო პროცესში.

კანონპროექტის მიხედვით, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის მიცემა, ხმის დათვლა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.

შეხვედრას ესწრება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია 3 მიმართულების გამოყოფა, მათ შორისაა - საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმები. შეთავაზებული ცვლილებებით კი ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა.

„ამ მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემები - ადმინისტრაციის მიმართ ნდობის, სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოვლენის მიმართულებით ვერ აღმოიფხვრა შემოთავაზებული ცვლილებებით“,- აღნიშნავს მენაბდე.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომელიც დოკუმენტს ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაუგზავნის. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მიღება კი პირველ მაისამდე იგეგმება.