მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი არჩევნების შედეგად არჩეული კოალიციური მთავრობა გვჭირდება“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას წერილშია აღნიშნული. 

მელია ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტად არის საჭირო გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას.

„კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ

„ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად, რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა.

ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით. ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით.

ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი.

ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა - თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ.
რუსთავის ციხე, საკანი #224
13.03.21. 01:40 სთ.

P.S.

100 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავკარგეთ. მაშინ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც უბრძოლველად არ დანებდა და 5 კვირა დასავლეთისგან მიტოვებული წითელ ურჩხულთან უთანასწორო ბრძოლაში იბრძოდა.

დღეს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები არიან. ისინი, ვისაც საქართველოს წარმატების სჯერათ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ჩვენ უნდა ვირწმუნოთ“, - წერს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ოლიგარქის ხელისუფლებამ საჭიროა უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ“ - ნიკა მელია