მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამომრჩეველმა უნდა მოუსმინოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში2020

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს, 16 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებსა თუ გარემოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა მიიღო და ახლა მნიშვნელოვანია, მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველი პარტიების საარჩევნო პროგრამებს გაეცნოს და მათ ღიაობისკენ მოუწოდა.

„ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ვეცნობით იმ ანგარიშებს, რასაც აქვეყნებს სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომლებსაც საშუალება აქვთ, უშუალოდ მოსახლეობასთან ჰქონდეთ კავშირი. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა განხორციელდეს და მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს.

ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მოუსმინოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას და მათ პლატფორმას. აშშ-ში დებატები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ ამომრჩეველმა პარტიებისგან სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს. მე ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და არჩევნების ჩატარებაზე.

„რაც შეეხება კოვიდს, მე როგორც ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამზადებს გარკვეულ ღონისძიებებს და მიიღებს ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ საარჩევნო უბნებსა თუ სხვაგან, რათა ხმის მიცემა განხორციელდეს უსაფრთხოდ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.